სტამბოლში საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმი „Going Global 2026“ ჩატარდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო სტამბოლში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმში – „Going Global 2026 – Future-ready tertiary education“. ზვიად გაბისონიამ ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით: „ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება უმაღლესი განათლების სისტემებში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების ავტომატური აღიარების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზვიად გაბისონიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო დოკუმენტის – „AI Compass for Education“ შემუშავების პროცესში საქართველოს ჩართულობაზე.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. ფორუმს დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში, ალექსანდრე ჯიშკარიანი.
