სტამბოლში არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და თურქეთის ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის ფორუმი ჩატარდა
2026 წლის 28 სექტემბერს, ქ. სტამბოლში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და თურქეთის ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის (შუა დერეფნის) ფორუმში.
ფორუმი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საინვესტიციო ოფისისა და თურქეთის რესპუბლიკაში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებასა და ამ მიმართულებით საინვესტიციო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს გენერალურმა კონსულმა მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყნის, სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალისა და ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საამიროებისა და თურქეთის წამყვანი სატრანსპორტო, ლოგისტიკური და საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო და საფინანსო ინსტიტუტების, საჯარო და კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
