გენერალური კონსულის ვიზიტი ქ.ბალიქესირში
2025 წლის 19-20 მარტს, სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში ეწვია ბალიქესირის რეგიონს, სადაც შეხვედრები გამართა ადგილობრივი ხელისუფლების, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბანდირმას პორტის ხელმძღვანელობასა და დიასპორის წარმომადგენლებთან.
ბალიქესირის გუბერნატორთან ისმაილ უსთაოღლუსთან და ქალაქის მერთან, აჰმეთ აქინთან შეხვედრისას განხილულ იქნა ეკონომიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის, ასევე ბალიქესირში მიმდინარე წლის მანძილზე ქართული კულტურული დღეების გამართვის შესაძლებლობები.
ბალიქესირის სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, ნაზმი იარიშთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. გენერალურმა კონსულმა თურქულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესახებ. აღინიშნა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრების ორგანიზების მნიშვნელობა.
ქ. სტამბოლში გენერალური კონსული ასევე ეწვია ბანდირმას პორტს და გამართა შეხვედრები პორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან, ასევე პორტის საბაჟო, სასაზღვრო და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ ბანდირმას პორტი წარმოადგენს ერთ-ერთ საკვანძო პორტს თურქეთის რესპუბლიკაში.
გენერალურმა კონსულმა ასევე შეხვედრა გამართა დიასპორული ორგანიზაცია “არმუთალანის ურთიერთსოლიდარობისა და კულტურის ასოციაციის” წევრებთან. შეხვედრაზე აღინიშნა ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობა ხალხთა შორის კონტაქტებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობების, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საქმეში.