გენერალური კონსული ბეიქენთისა და ნიშანთაშის უნივერსიტეტებში საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და კულტურული თანამშრომლობის შესახებ სამეცნიერო კონფერენციებს დაესწრო
სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი სტამბოლის ბეიქენთისა და ნიშანთაშის უნივერსიტეტებში საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და კულტურული თანამშრომლობის შესახებ სამეცნიერო კონფერენციებს დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში გენერალურმა კონსულმა ხაზგასმით აღნიშნა სამეცნიერო თანამშრომლობის, კულტურული ურთიერთობებისა და ხალხთა შორის კავშირების მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების კონტექსტში.
კონფერენციებში მონაწილეობდნენ აკადემიური წრეების, მედიის, სტამბოლისა და მარმარას რეგიონში მოქმედი ქართული კულტურული ასოციაციების წარმომადგენლები და ხსენებული უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე მკვლევარები და ექსპერტები თურქეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებიდან. კონფერენციებზე დისკუსიები შეეხო შემდეგ თემებს: საქართველო–თურქეთის ურთიერთობები, კულტურული თანამშრომლობა, თანამედროვე ქართული და თურქული ლიტერატურა, ხალხთა შორის კავშირები და აკადემიურ სფეროში თანამშრომლობა.
გაიმართა საქმიანი შეხვედრები უნივერსიტეტების რექტორებს შორის. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბეიქენთის, ისევე როგორც სტამბოლის ნიშანთაშის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ღონისძიებები საქართველოს გენერალური საკონსულოს თურქეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და სტამბოლში მოქმედ ქართულ კულტურულ, დიასპორულ ასოციაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
