ბეიქოზის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი
სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის 2-6 ივლისს, ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მონაწილეობა მიიღეს ბეიქოზის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ერთ-ერთი დღე “საქართველოს დღედ” გამოცხადდა და სრულად დაეთმო ქართული შემოქმედებითი ჯგუფების შთამბეჭდავ წარმოდგენებს. სცენაზე სამი ქართული ანსამბლი წარდგა, რომლებმაც მაყურებლისა და ჟიურის მხრიდან მოწონება დაიმსახურეს.
კონკურსის ფარგლებში, პირველი ადგილი ქართულმა ანსამბლმა „მარეთი“ მოიპოვა. გამარჯვებულები დააჯილდოვა თურქეთის ფოლკლორული ცეკვების ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური საკონსულოს კონსული ზაქარია მეგრელიშვილი, ბეიქოზის მერის მოადგილე, სტამბოლის მერიის კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე თურქეთის ფოლკლორული ცეკვების ფედერაციისა და ქართული დიასპორის წევრები.